Pages

Sonntag, 23. Mai 2010

პირველი ამბავი

ერთი კვირის წინ კომპიუტერი ვიყიდე. გუშინ ინტერნეტი გავიყვანე. დავურეკე მეგობარს და დახმარება ვთხოვე. ჩემი ამბავი რომ იცის, მითხრა გუგლში შედი და რაღაცეები მოძებნეო.
მაგდენი რომ შემძლებოდა, შენ დაგირეკავდი-თქო?
ვა, როგორ აგიხსნაო?
და ამიხსნა: ინტერნეტი ირთვება ქვემოთ მარცხენა მხარეს ლურჯი ე-თი. ოკეი, გავაკეთე. რაღაც გაიხსნებაო. გაიხსნა. ახლა ზემოთ, თეთრ ზოლში ჩაწერე გუგლიო ორი ო-თი. ეგ ხომ ვიცი. და დააჭირე ენტერსო. დავაჭირე. გაიხსნა სია, ამ სიაში ყველგან წერია გუგლი. წერტილი და კომი დაგავიწყდაო. მე დამავიწყდა?! მოკლედ ჩავწერე თავიდან წერტილით და კომით, ოღონდ ცე-თი. გაისხნა თამაში, კალაბოკი რომ წერტილებს ჭამს. მაგის ქვეშ რომ თეთრი ზოლია, იმაში ჩაწერე რაც გინდაო. რა ჩავწერო-მეთქი? უკვე ნერვები ეშლებოდა. მაგალითად, ჩაწერე თბილისიო. ოკეი, ჩავწერე. მერე ენტერი. ისევ სია გამოვიდა, ამჯერად ყველგან თბილისი ეწერა. ე, ეს ხომ თავიდანვე შეიძლებოდა, ზედა თეთრ ზოლში რომ ჩამეწერა-თქო. შენო გინდა რომ გასწავლო, თუ უკვე ყველაფერი გაიგეო. პირველივე რა წერიაო. თბილისი - ვიკიპედია. ჰოდა, მაუსით დააჭირე მაგასო. გაიხსნა დიდი სტატია სურათებით. ყველაფერი ეწერა თბილისზე. უგულავას სურათიც იყო. გამოჩენილი თბილისელების სიაც იყო (ნეტა ვინ შეადგინა ეგ სია? ხოხობი დაავიწყდა, ჰა, ჰა, ჰა).
მოკლედ მთელი ღამე ინტერნეტში ვიყავი.
დღეს დილას გადავწყვიტე ეს ამბავი ჩამეწერა, რადგან ეს იყო ნათლობა ახალ რელიგიაში (რა თქმა უნდა, რწმენა არ შემიცვლია). ვორდში დავბეჭდე და შევინახე დესკტოპზე. ჰოდა, ახლა გამოიარა ჩემმა მეგობარმა და მეუბნება, ეს ამბავი ინტერნეტში უნდა გამოაქვეყნო, გასკდება ხალხი სიცილითო. კაი-მეთქი. როგორ-თქო. ბლოგს ანუ დღიურს გაგიკეთებო. მაგარი სათაური უნდა მოგიფიქროო. ჰოდა, მოიფიქრა და გააკეთა. მეილი დაგირეგისტრირეო და მაგით გამოაქვეყნებ ხოლმე შენს სულელურ ამბებსო. ჰოდა, აქვეყნებს ახლა თვითონ. მერე გასწავლიო.