Pages

Freitag, 17. September 2010

კინო-ფრაგმენტი - ქალი შავებში

მზიანი დღე. ცაზე თითქმის არ არის ღრუბლები, მხოლოდ გამჭვირვალე თხელი ფენა აქა-იქ, ან ფთილები. ცა არის ღია ცისფერი, არა ლურჯი. ჰაერი არ არის გამჭვირვალე. მზე კადრში არ ჩანს, მაგრამ კამერა ნაწილობრივ კონტრაჟურშია. თბილი ყვითელი სინათლე. ბევრი სინათლე. ნიავი უბერავს, მაგრამ არ არის ქარი. ფონი: ბუნდოვანი ფორმები. კონტურები არ არის მკაფიო. გარემო: მტვრიანი, ღია ფერის ასფალტი, ბარდიური, 2-3 სართულიანი, შუშებიანი გრძელი შენობა. შორს მაღალი მწვანე ქედი. ქალი შავებში, ძაძებში. კაბა არის მთლიანი, გრძელი. ქალი მაღალია. გამართული. თვალები ოდნავ დახრილი. შავი ან მუქი წაბლისფერი, გაშლილი თმა, ოღონდ არა უწესრიგოდ. შავი ან ნაცრისფერი ნაჭრის თავსაბურავი, ან მის გარეშე. თმის სიგრძე: მხრებს ქვემოთ. ქალს ხელში უჭირავს მეეზოვის ცოცხი, რომელიც უფრო ჯადოსნურ, მფრინავ ცოცხს ჰგავს. ქალი ქუჩას გვის მარჯვნიდან მარცხნივ თანაბარი მოძრაობებით. ნიავი მცირედ ამოძრავებს თმებს და კაბას. კამერის რაკურსი: ქალი მიბრუნებულია ოდნავ მარცხნივ. კამერის სიმაღლე: დაახლოებით მუხლსა და წელს შორის. მანძილი გამოსახულებამდე: 10-15 მეტრი, შეიძლება ნაკლები. კამერა მოძრაობს მარჯნიდან მარცხნივ (ოპერატორისგან) და ზემოთ, ოდნავ შესამჩნევ რკალზე, თან ფოკუსი მთლიანი სხეულიდან გადადის სახის მარჯვენა პროფილისკენ. ქალის თვალები თანდათან უსწორდება ჰორიზონტს.
რამდენიმე ჩანახატია საჭირო ფანქრით.