Pages

Donnerstag, 7. Oktober 2010

გააკეთე ის, რაზეც ფიქრობ ბევრს, რადგან, თუ არ გააკეთებ, მერე ინანებ


 გვიანი ჩასწორება: პოსტში საუბარი არაა სუიციდზე. სათაურში იგულისხმება საუკეთესო ფიქრები . 

როგორაა ქართულად Statement? განცხადება? მაშინ ის განცხადება, რომელიც სათაურში გავაკეთე, წინა პოსტში განვახორციელე.
ბავშვობიდან ვოცნებობ(დი) რეჟისორობაზე. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია გავიხსენო ერთი-ორი ერთმანეთისგან რამდენიმე წლით დაშორებული შემთხვევა, როცა ამაზე სერიოზულად ვფიქრობდი.
 

ბუნდოვანი მცირეწლოვნობიდან მახსოვს თვითონ განცდა, რომ ეს ძალიან მინდოდა.
 

სკოლის ასაკიდან მახსოვს, ერთხელ ქართული ლიტერატურის თუ რაღაც მსგავს ოლიმპიადაზე დავწერე პატარა სცენა (რამდენიმე დავალებიდან მარტო ეს მოვახერხე), რომელშიც წარმოდგენილი მქონდა თითქმის ყველა დეტალი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს სცენა კინოში. მოკლედ, ფილმი იყო ისტორიული. ქართული (ან შეიძლება არც) ჯარი დგას მტრის წინ. მთავარი გმირი ამ დროს იხენებს, როგორ ხნავს მიწას, ხარს შემოუძახებს და სახრეს გადაჰკრავს. კინოს მხატვრული საშუალებების გამოყენებით ეს შეძახილი ბრძოლის ყიჟინად გარდაიქმნებოდა, სახრე - ხმლად. წარმოდგენილი მქონდა ფერები, ხმები, მუსიკა და ა.შ.
 

კიდევ იყო სხვა შემთხვევები, მაგრამ ახლა უცებ არ მახსენდება (ალბათ იმიტომ, რომ დაღლილი ვარ... თან ცოტა მთვრალიც).
თუმცა ერთი გამახსენდა. თინ-ასაკოვანი ვიქნებოდი. მინდოდა გადამეღო თუ დამედგა "ოტელო", ოღონდ მთავარი გმირი იქნებოდა იაგო (ახლა რატომღაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ეს, არა იდეა, არამედ ჩემი სურვილი). თან ფილმი (ან სპექტაკლი) დაიწყებოდა "ოტელო"-ს იმ სცენით, სადაც იაგოს შეიპყრობენ.
  ბოლო, ყველაზე ძლიერი განცდა და სურვილი, შემეცვალა პროფესია და დამეწყო ყველაფერი თავიდან, დამეუფლა, როცა მოძრავი მანქანიდან დავინახე შავებში ჩაცმული ქალი, რომელიც ქუჩას გვიდა (წინა პოსტი მთლად ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი არ არის). იმის მერე ამეკვიატა ეს სურათი და ვფიქრობდი, რომ ასეთი მხატვრული სახეები სტიმულს მომცემდა, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა. ოცნება კი ისეთი რამაა, თუ მის ასრულებას არ ცდი, მერე სულ ინანებ და შენს თავს ეტყვი ხოლმე: იქნებ ყველაფერი გამოსულიყო... 
... და 17 სექტემბერს მეც ვცადე. მოხდა ის, რასაც არ ველოდი: სრულიად ამომივარდა თავიდან ქალი შავებში და ა.შ.

Freitag, 17. September 2010

კინო-ფრაგმენტი - ქალი შავებში

მზიანი დღე. ცაზე თითქმის არ არის ღრუბლები, მხოლოდ გამჭვირვალე თხელი ფენა აქა-იქ, ან ფთილები. ცა არის ღია ცისფერი, არა ლურჯი. ჰაერი არ არის გამჭვირვალე. მზე კადრში არ ჩანს, მაგრამ კამერა ნაწილობრივ კონტრაჟურშია. თბილი ყვითელი სინათლე. ბევრი სინათლე. ნიავი უბერავს, მაგრამ არ არის ქარი. ფონი: ბუნდოვანი ფორმები. კონტურები არ არის მკაფიო. გარემო: მტვრიანი, ღია ფერის ასფალტი, ბარდიური, 2-3 სართულიანი, შუშებიანი გრძელი შენობა. შორს მაღალი მწვანე ქედი. ქალი შავებში, ძაძებში. კაბა არის მთლიანი, გრძელი. ქალი მაღალია. გამართული. თვალები ოდნავ დახრილი. შავი ან მუქი წაბლისფერი, გაშლილი თმა, ოღონდ არა უწესრიგოდ. შავი ან ნაცრისფერი ნაჭრის თავსაბურავი, ან მის გარეშე. თმის სიგრძე: მხრებს ქვემოთ. ქალს ხელში უჭირავს მეეზოვის ცოცხი, რომელიც უფრო ჯადოსნურ, მფრინავ ცოცხს ჰგავს. ქალი ქუჩას გვის მარჯვნიდან მარცხნივ თანაბარი მოძრაობებით. ნიავი მცირედ ამოძრავებს თმებს და კაბას. კამერის რაკურსი: ქალი მიბრუნებულია ოდნავ მარცხნივ. კამერის სიმაღლე: დაახლოებით მუხლსა და წელს შორის. მანძილი გამოსახულებამდე: 10-15 მეტრი, შეიძლება ნაკლები. კამერა მოძრაობს მარჯნიდან მარცხნივ (ოპერატორისგან) და ზემოთ, ოდნავ შესამჩნევ რკალზე, თან ფოკუსი მთლიანი სხეულიდან გადადის სახის მარჯვენა პროფილისკენ. ქალის თვალები თანდათან უსწორდება ჰორიზონტს.
რამდენიმე ჩანახატია საჭირო ფანქრით.

Samstag, 19. Juni 2010

რას ვაკეთებ ბოლო ხუთი წუთი

ვუსმენ ჯორჯ ჰარისონის ძალიან მაგარ სიმღერას...

ვუყურებ ტელევიზორს, სადაც გადის ფილმი - კიმ ბესინჯერი, ალეკ ბოლდუინი... ხმა გამორთული მაქვს, არ ვიცი შინაარსი... აჰა, ახალი ფილმი დაიწყო...

ვსვამ კოკა-კოლას, რომელშიც რატომღაც გარეულია არაყი...

ვამოწმებ ფბ-ს, იქნებ ვინმემ რამე მომწერა ან რავიცი კიდევ რა... გენოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უკვე 17 მეგობარი მყავს...

ვწერ სამ წერილს ჩემს ორ უფროსს... ვკითხულობ ხუთს... Viva Outlook...

ვსვამ სპრაიტს, რომელშიც რატომღაც არაყი ურევია...

ვსაუბრობ მობილურით იქით და აქეთ... თუ იქეთ და აქით...

ვიფხან ცხვირს... წვიმის ნიშანია... ოღონდ გარეთ უკვე წვიმს...

ვფიქრობ ჩემს ახალ ბორბლიან (და იმედია არა დორბლიან) ნივთზე, რომელიც ვიყიდე და რომელზე ფიქრიც მავიწყებს ყველაფერს (მაგრამ ვერა საკუთარ თავს) და მიქმნის ილუზიას, რომ სამ კვირაში მივეცემი სრულ თავდავიწყებას...

ვგრძნობ, რომ მთვრალი ვარ, მაგრამ არ ვიცი ეს გუშინდელი სმის შედეგია თუ დღევანდელი მცდელობის პახმელიიდან გამოსვლის...

თხუთმეტი წუთის წინ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი...
(C) http://www.myspace.com/hugleikur

Donnerstag, 10. Juni 2010

Ain't No Sunshine

არ ვიცი, რა გემოვნება უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეს სიმღერა რომ არ უყვარდეს.
დღეს დილიდან მანქანას ვრეცხავდი, თუ ვწმინდავდი, თუ აზრზე მომყავდა... მოკლედ, 10-დან 1-ლამდე 104.3 მქონდა ჩართული, ანუ რადიო სინდიკატი. შეიძლება სწორედ ამის გავლენა იყო, რომ, როგორც კი შემოვედი სახლში, youtube-ზე მოვძებნე სიმღერა aint no sunshine (არადა დღეს ეგ სიმღერა არ მომისმენია). პირველი ამოაგდო ვიდეო ბობ მარლის სურათით, მაგრამ ეს ის არ იყო აშკარად, რაც მე მინდოდა. ააააიიიიი, მეორე ვიდეო კი...

ბილ უითერსის (Bill Withers) შესახებ არაფერი ვიცი. არ ვიცი მისი შემოქმედება, არ ვიცი ბიოგრაფია, არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, არ ვიცი მისი რომელიმე ალბომი მომეწონება, თუ არა... მაგრამ ვიცი ერთი რამ - მან დაწერა სიმღერა, რომელსაც შემიძლია ასჯერ, ათასჯერ მოვუსმინო. მოვუსმინო ყველგან და ყოველთვის: სახლში ან/და სამსახურში კომპიუტერთან მუშაობის დროს, მანქანაში 140 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას; რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელში; მცხეთის გზაზე, ველოსიპედზე შაფლით; ბათუმის გზაზე მოტოციკლეტზე (ასევე, შაფლით); მარშუტკაში, შემთხვევით გადართული რადიოდან (როცა მანქანა გაფუჭებულია და თან წვიმს); ღამით, მეტროში, ახალგაზრდა მგზავრის მობილურიდან...

სულმა წამძლია და გუგლში მოვძებნე ეს სიმღერა (მადლობა გენოს). ვიპოვე ორი თითქოს წვრილმანი, რომელმაც შეავსო ჩემი განწყობა:
1. როცა ეს სიმღერა დაწერა, ბილი უითერსი მუშაობდა მუშად ქარხანაში, რომელიც ბოინგ 747-თვის უნიტაზებს ამზადებდა.
2. ფრაზას I know ბილი იმეორებს 26-ჯერ (რა თქმა უნდა ვენდე სტატიას და არც ვაპირებ დათვლას). იგი აპირებდა ტექსტის დამატებას ამ ადგილას, მაგრამ - "ქარხნის მუშა ვიყავი. იმათ კი მითხრეს ეგრე დამეტოვებინა. ჰოდა, მეც დავტოვე", ასე თქვა ბილიმ.




ჯერჯერობით ტექნიკური მხარდაჭერა - გენო :)

Sonntag, 23. Mai 2010

პირველი ამბავი

ერთი კვირის წინ კომპიუტერი ვიყიდე. გუშინ ინტერნეტი გავიყვანე. დავურეკე მეგობარს და დახმარება ვთხოვე. ჩემი ამბავი რომ იცის, მითხრა გუგლში შედი და რაღაცეები მოძებნეო.
მაგდენი რომ შემძლებოდა, შენ დაგირეკავდი-თქო?
ვა, როგორ აგიხსნაო?
და ამიხსნა: ინტერნეტი ირთვება ქვემოთ მარცხენა მხარეს ლურჯი ე-თი. ოკეი, გავაკეთე. რაღაც გაიხსნებაო. გაიხსნა. ახლა ზემოთ, თეთრ ზოლში ჩაწერე გუგლიო ორი ო-თი. ეგ ხომ ვიცი. და დააჭირე ენტერსო. დავაჭირე. გაიხსნა სია, ამ სიაში ყველგან წერია გუგლი. წერტილი და კომი დაგავიწყდაო. მე დამავიწყდა?! მოკლედ ჩავწერე თავიდან წერტილით და კომით, ოღონდ ცე-თი. გაისხნა თამაში, კალაბოკი რომ წერტილებს ჭამს. მაგის ქვეშ რომ თეთრი ზოლია, იმაში ჩაწერე რაც გინდაო. რა ჩავწერო-მეთქი? უკვე ნერვები ეშლებოდა. მაგალითად, ჩაწერე თბილისიო. ოკეი, ჩავწერე. მერე ენტერი. ისევ სია გამოვიდა, ამჯერად ყველგან თბილისი ეწერა. ე, ეს ხომ თავიდანვე შეიძლებოდა, ზედა თეთრ ზოლში რომ ჩამეწერა-თქო. შენო გინდა რომ გასწავლო, თუ უკვე ყველაფერი გაიგეო. პირველივე რა წერიაო. თბილისი - ვიკიპედია. ჰოდა, მაუსით დააჭირე მაგასო. გაიხსნა დიდი სტატია სურათებით. ყველაფერი ეწერა თბილისზე. უგულავას სურათიც იყო. გამოჩენილი თბილისელების სიაც იყო (ნეტა ვინ შეადგინა ეგ სია? ხოხობი დაავიწყდა, ჰა, ჰა, ჰა).
მოკლედ მთელი ღამე ინტერნეტში ვიყავი.
დღეს დილას გადავწყვიტე ეს ამბავი ჩამეწერა, რადგან ეს იყო ნათლობა ახალ რელიგიაში (რა თქმა უნდა, რწმენა არ შემიცვლია). ვორდში დავბეჭდე და შევინახე დესკტოპზე. ჰოდა, ახლა გამოიარა ჩემმა მეგობარმა და მეუბნება, ეს ამბავი ინტერნეტში უნდა გამოაქვეყნო, გასკდება ხალხი სიცილითო. კაი-მეთქი. როგორ-თქო. ბლოგს ანუ დღიურს გაგიკეთებო. მაგარი სათაური უნდა მოგიფიქროო. ჰოდა, მოიფიქრა და გააკეთა. მეილი დაგირეგისტრირეო და მაგით გამოაქვეყნებ ხოლმე შენს სულელურ ამბებსო. ჰოდა, აქვეყნებს ახლა თვითონ. მერე გასწავლიო.